ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალურო მუზეუმი

ოთარ ჯანელიძე

Abstract


საქართველოს თავისი კულტურის კერები ისტორიულად უცხ­ო­ეთის არაერთ ქვეყანაში ჰქონია (ჯვრის, ათონის, პეტრიწონის მო­ნას­ტრები და სხვ.), მაგრამ ისინი უმთავრესად სასულიერო და სამ­წიგ­ნობრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მათგან განსხვავებით, საფ­­რანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონში არსებული ლევილის მამული ქართული ემიგრაციის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო XX საუკუნის 20-50-იან წლებში.

ლევილი ქართული პოლიტიკური და კულტურული ემიგ­რა­ციის სიმბოლოა. პარიზთან ახლომდებარე ამ მომცრო სოფლის სა­ხე­ლი ქართულ ცნობიერებაში საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინ დამ­კვიდრდა. საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად და­მ­ხობილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრი­რე­ბულმა მთავრობამ, 1922 წელს, სახელმწიფო სახსრებით, ამ და­სახ­ლებაში ორსართულიანი შატო და 5 ჰექტრამდე მამული შეიძინა. შატოში ბინა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრებმა დაიდეს. მამული ლტოლვილი ქართველების თავშესაფ­რა­დაც იყო გათვალისწინებული. ქართველი ემიგრანტებისათვის ლევილი „მცირე საქართველოდ“ იქცა, სადაც დამოუკიდებლობის სულისკვეთება ღვიოდა და შინ დაბრუნების იმედი ცოცხლობდა.

ეს პატარა ქართული კერა, მის მფლობელთა ანდერძის თანახ­მად, უნდა გადასცემოდა საქართველოს, როდესაც ის დამოუკიდე­ბე­ლი გახდებოდა. ასეც მოხდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემ­დეგ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ქართველ ემიგრანტთა იმ ოჯახებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყ­ვნენ ლევილის მამულზე, 2016 წელს ლევილის ქართული კერა სა­ქართველოს საკუთრება გახდა. ლევილის მამულს ამ დროიდან სა­ქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 2021 წლიდან კი  საქართველოს კულტურის სამინისტროს განაგებს.

ლევილის მამულის ბაზაზე დაარსდა ქართულ-ფრანგული მე­მო­რიალური მუზეუმი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუ­ზე­უმის დაქვემდებარებაში შევიდა. მემორიალური მუზეუმი ლე­ვილ­ში შექმნილი ქართული კულტურული და საგანმანათლებ­ლო ცენ­ტრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება. მუზეუმში მუდ­მივი ექ­ს­პო­ზიციის გარდა იარსებებს ერთი დამატებითი დარბაზიც დრო­­ებ­ი­თი გამოფენებისათვის. მამულში მოეწყობა ასევე, ბიბლი­ოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე – ქარ­თუ­ლი ოდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის დაირ­გ­ვება ვენახი და აშენდება მარანიც.

მემორიალური მუზეუმის კონცეფციის შესამუშავებლად, კულ­­ტურის სამინისტრომ ქართველი სპეციალისტებისა და ემიგ­რაციის წარ­მომადგენლების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი ჩამო­აყა­ლიბა. ჯგუფის წევრები არიან: ქრისტინე ფაღავა-ბულე – ნოე ჟორ­დანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდა­ნიას შვილიშვილი; ტიერი ბერიშვილი – ქართველ ხალხთან მეგობ­რო­ბის ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს“ (საფრანგეთი) პრე­ზი­დენტი; სტივენ ჯონსი – ისტორიკოსი, საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის მკვლევარი (აშშ); შორენა ციცაგი – სა­ქარ­თველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერ­თო­ბის სამმართველოს უფროსი; ნინო კალანდაძე – საქართველოს ეროვ­ნუ­ლი მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის კვლევითი ინს­ტი­ტუ­ტის ხელმძღვანელი; ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლა­მენ­ტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ირაკ­ლი იაკობაშვილი – საქართველოს პარლამენტის არქივის ხელ­მ­ძღ­ვა­ნელი; ოთარ ჯანელიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფ­­როსი მეცნიერ-თანამშრომელი; ზურაბ გაიპარაშვილი – ივანე ჯა­ვახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტე­ტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; დიმიტრი სილაქაძე – საქარ­თველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების სპეცი­ალისტი.

ჯგუფმა უკვე მოამზადა კონცეფციის სამუშაო ვერსია და შეკ­რიბა გამოფენისათვის საჭირო მემორიალური ნივთები, არტეფაქ­ტე­ბი, საარქივო დოკუმენტები, პერიოდული პრესის მონაცემები, ფოტო, ფონო და აუდიო ვიზუალური მასალები.

კონცეფციის თანახმად, მუზეუმის მუდმივმოქმედი საექსპო­ზი­ციო სივრცე სამ ნაწილად გაიყოფა და გააცოცხლებს ქართული ემიგრაციის საქმიანობას პოლიტიკურ თუ კულტურულ ასპარეზზე: პირველი ნაწილი მოკლედ და კომპაქტურად მოგვითხრობს საქარ­თვე­ლოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, წარმოაჩენს ქარ­თველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას 1801 წლი­დან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე და შემ­დგომ პერიოდში; მეორე (ძირითადი) ნაწილი საქართველოს დემოკ­რა­ტი­ული რესპუბლიკის შექმნისა და მისი არსებობის სამწლიან მო­ნაკვეთში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას დაეთმობა; ხოლო მესამე ნაწილში აისახება ქართული ემიგრაციის თავგადასავალი, მის ძალისხმევა საქართველოს თავი­სუფ­ლებისათვის და ემიგრაციის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების დინამიკა 1921 წლიდან 50-იანი წლების შუა ხანებამდე.

მუზეუმისათვის განკუთვნილი შატოს პირველ და მეორე სარ­თულზე შერჩეულია 10 პირობითი დარბაზი (სინამდვილეში, – ოთა­ხები და დერეფანი), ხოლო ექსპოზიცია  ასეთი ქრონოლოგი­ური და თემატური პრინციპითაა დაყოფილია:

პირველი დარბაზი: საქართველოს ისტორიას უძველესი დრო­ი­დან დღემდე; საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა რუსულ ოკუპაციამდე და ოკუპაციის პირობებში;

მეორე დარბაზი: 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის 26 მაისამდე;

მესამე დარბაზი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბ­ლიკის ხელისუფლება;

მეოთხე დარბაზი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბ­ლი­კის შექმნა და სახემწიფოებრივი აღმშენებლობა;

მეხუთე დარბაზი: საბჭოთა რუსეთის შემოჭრა საქართვე­ლოში და საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია  რუსე­თის მიერ;

მეექვსე დარბაზი: ანტისაოკუპაციო, ანტისაბჭოთა განმანთა­ვი­სუფ­ლებელი, წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება საქართ­ვე­ლოსა და საზღვრაგარეთ;

მეშვიდე დარბაზი: საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ის­ტორია;

მერვე დარბაზი: ნოე ჟორდანიას კაბინეტი;

მეცხრე დარბაზე: ლევილის შატო;

მეათე დარბაზი: ლევილის წარსული და დღევანდელობა.

უკვე დასრულდა ლევილის მამულის გალავნის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია-კონსერვაცია და „გუშაგის სახლის“ სარეაბი­ლი­ტაციო სამუშაოები, ექსპოზიციის მოსაწყობად მომზადებულია შატოს საგამოფენო სივრცე, გრძელდება პარკის აღდგენა. ლევილის მუზეუმი 2026 წლის სექტემბრისათვის უნდა გაიხსნას.


Full Text:

PDF

Refbacks

  • There are currently no refbacks.