ლევილის ქართულ-ფრანგული მემორიალურო მუზეუმი
Abstract
საქართველოს თავისი კულტურის კერები ისტორიულად უცხოეთის არაერთ ქვეყანაში ჰქონია (ჯვრის, ათონის, პეტრიწონის მონასტრები და სხვ.), მაგრამ ისინი უმთავრესად სასულიერო და სამწიგნობრო ცენტრებს წარმოადგენდნენ. მათგან განსხვავებით, საფრანგეთის ილ-დე-ფრანსის რეგიონში არსებული ლევილის მამული ქართული ემიგრაციის პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო XX საუკუნის 20-50-იან წლებში.
ლევილი ქართული პოლიტიკური და კულტურული ემიგრაციის სიმბოლოა. პარიზთან ახლომდებარე ამ მომცრო სოფლის სახელი ქართულ ცნობიერებაში საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინ დამკვიდრდა. საბჭოთა რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად დამხობილმა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ემიგრირებულმა მთავრობამ, 1922 წელს, სახელმწიფო სახსრებით, ამ დასახლებაში ორსართულიანი შატო და 5 ჰექტრამდე მამული შეიძინა. შატოში ბინა მთავრობისა და დამფუძნებელი კრების პრეზიდიუმის წევრებმა დაიდეს. მამული ლტოლვილი ქართველების თავშესაფრადაც იყო გათვალისწინებული. ქართველი ემიგრანტებისათვის ლევილი „მცირე საქართველოდ“ იქცა, სადაც დამოუკიდებლობის სულისკვეთება ღვიოდა და შინ დაბრუნების იმედი ცოცხლობდა.
ეს პატარა ქართული კერა, მის მფლობელთა ანდერძის თანახმად, უნდა გადასცემოდა საქართველოს, როდესაც ის დამოუკიდებელი გახდებოდა. ასეც მოხდა. ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენლებსა და ქართველ ემიგრანტთა იმ ოჯახებს შორის, რომლებიც პასუხისმგებელნი იყვნენ ლევილის მამულზე, 2016 წელს ლევილის ქართული კერა საქართველოს საკუთრება გახდა. ლევილის მამულს ამ დროიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ხოლო 2021 წლიდან კი საქართველოს კულტურის სამინისტროს განაგებს.
ლევილის მამულის ბაზაზე დაარსდა ქართულ-ფრანგული მემორიალური მუზეუმი, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის დაქვემდებარებაში შევიდა. მემორიალური მუზეუმი ლევილში შექმნილი ქართული კულტურული და საგანმანათლებლო ცენტრის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იქნება. მუზეუმში მუდმივი ექსპოზიციის გარდა იარსებებს ერთი დამატებითი დარბაზიც დროებითი გამოფენებისათვის. მამულში მოეწყობა ასევე, ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი, მედიათეკა და ქართული კუთხე – ქართული ოდა. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის დაირგვება ვენახი და აშენდება მარანიც.
მემორიალური მუზეუმის კონცეფციის შესამუშავებლად, კულტურის სამინისტრომ ქართველი სპეციალისტებისა და ემიგრაციის წარმომადგენლების შემადგენლობით სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა. ჯგუფის წევრები არიან: ქრისტინე ფაღავა-ბულე – ნოე ჟორდანიას სახელობის ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი, ნოე ჟორდანიას შვილიშვილი; ტიერი ბერიშვილი – ქართველ ხალხთან მეგობრობის ასოციაციის „გაუმარჯოს საქართველოს“ (საფრანგეთი) პრეზიდენტი; სტივენ ჯონსი – ისტორიკოსი, საქართველოს ახალი და თანამედროვე ისტორიის მკვლევარი (აშშ); შორენა ციცაგი – საქართველოს კულტურის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობის სამმართველოს უფროსი; ნინო კალანდაძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის რესტავრაცია-კონსერვაციის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი; ლევან თაქთაქიშვილი – საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილე; ირაკლი იაკობაშვილი – საქართველოს პარლამენტის არქივის ხელმძღვანელი; ოთარ ჯანელიძე – საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; ზურაბ გაიპარაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი; დიმიტრი სილაქაძე – საქართველოს ეროვნული არქივის სამეცნიერო განყოფილების სპეციალისტი.
ჯგუფმა უკვე მოამზადა კონცეფციის სამუშაო ვერსია და შეკრიბა გამოფენისათვის საჭირო მემორიალური ნივთები, არტეფაქტები, საარქივო დოკუმენტები, პერიოდული პრესის მონაცემები, ფოტო, ფონო და აუდიო ვიზუალური მასალები.
კონცეფციის თანახმად, მუზეუმის მუდმივმოქმედი საექსპოზიციო სივრცე სამ ნაწილად გაიყოფა და გააცოცხლებს ქართული ემიგრაციის საქმიანობას პოლიტიკურ თუ კულტურულ ასპარეზზე: პირველი ნაწილი მოკლედ და კომპაქტურად მოგვითხრობს საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე, წარმოაჩენს ქართველი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიას 1801 წლიდან სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენამდე და შემდგომ პერიოდში; მეორე (ძირითადი) ნაწილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნისა და მისი არსებობის სამწლიან მონაკვეთში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას დაეთმობა; ხოლო მესამე ნაწილში აისახება ქართული ემიგრაციის თავგადასავალი, მის ძალისხმევა საქართველოს თავისუფლებისათვის და ემიგრაციის პოლიტიკური და კულტურული ცხოვრების დინამიკა 1921 წლიდან 50-იანი წლების შუა ხანებამდე.
მუზეუმისათვის განკუთვნილი შატოს პირველ და მეორე სართულზე შერჩეულია 10 პირობითი დარბაზი (სინამდვილეში, – ოთახები და დერეფანი), ხოლო ექსპოზიცია ასეთი ქრონოლოგიური და თემატური პრინციპითაა დაყოფილია:
პირველი დარბაზი: საქართველოს ისტორიას უძველესი დროიდან დღემდე; საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა რუსულ ოკუპაციამდე და ოკუპაციის პირობებში;
მეორე დარბაზი: 1917 წლის რევოლუციიდან 1918 წლის 26 მაისამდე;
მესამე დარბაზი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლება;
მეოთხე დარბაზი: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნა და სახემწიფოებრივი აღმშენებლობა;
მეხუთე დარბაზი: საბჭოთა რუსეთის შემოჭრა საქართველოში და საქართველოს ოკუპაცია და ფაქტობრივი ანექსია რუსეთის მიერ;
მეექვსე დარბაზი: ანტისაოკუპაციო, ანტისაბჭოთა განმანთავისუფლებელი, წინააღმდეგობის მოძრაობის ორგანიზება საქართველოსა და საზღვრაგარეთ;
მეშვიდე დარბაზი: საფრანგეთში ქართული სათვისტომოს ისტორია;
მერვე დარბაზი: ნოე ჟორდანიას კაბინეტი;
მეცხრე დარბაზე: ლევილის შატო;
მეათე დარბაზი: ლევილის წარსული და დღევანდელობა.
უკვე დასრულდა ლევილის მამულის გალავნის ისტორიული ნაწილის რესტავრაცია-კონსერვაცია და „გუშაგის სახლის“ სარეაბილიტაციო სამუშაოები, ექსპოზიციის მოსაწყობად მომზადებულია შატოს საგამოფენო სივრცე, გრძელდება პარკის აღდგენა. ლევილის მუზეუმი 2026 წლის სექტემბრისათვის უნდა გაიხსნას.
Full Text:
PDFRefbacks
- There are currently no refbacks.