31 მარტის რეფერენდუმი საქართველოში და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა
Abstract
საკვლევი თემა ქართული სინამდვილისთვის მეტად მნიშვნელოვან - სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას და მასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა/ანალიზს მოიცავს, რომელიც დროითი მონაცემიდან, არსებული საერთაშორისო ვითარებიდან გამომდინარე, საყოველთაო ინტერესის ხასიათის მატარებელიცაა.
საქართველოს დემოკრატიულმა რესპუბლიკამ თავისი ხანმოკლე არსებობის მიუხედავად (1918-1921) მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. მისი მემკვიდრეობა დღევანდელი ქართული სახელმწიფოსათვის ფასდაუდებელი გამოცდილებაა და სიამაყის საგანია. 26 მაისი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის დღე კი, ისტორიულ დღესასწაულად იქცა (ჯანელიძე, 2018). 1991 წლის 31 მარტს, 34 წლის წინ წინათ, როდესაც ქვეყანა ფაქტობრივად საომარ მდგომარეობაში იმყოფებოდა, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მსურველთა გამოვლენის მიზნით, სამართლებრივი ნორმების დაცვით, რეფერენდუმი გაიმართა, რომლის შედეგების საფუძველზე უზენაესმა საბჭომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო (მაცაბერიძე, 2019, 181). დრომ უფრო მეტად განამტკიცა ამ დღის მნიშვნელობა ათწლეულების შემდეგ ჩატარებული რეფერენდუმის დროს, რადგან სარეფერენდუმო კითხვა სწორედ 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებულ დამოუკიდებლობის აქტს ეფუძნებოდა.
რეფერენდუმის ჩატარების საშუალება შექმნა ეროვნული ძალების დამაჯერებელმა გამარჯვებამ 1990 წლის 28 ოქტომბრის უზენაესი საბჭოს პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში (ნათმელაძე, დაუშვილი, 2005).
ნაშრომის აქტუალობას განსაზღვრავს არსებული მოცემულობა, რომელიც ადასტურებს, რომ ქართული სინამდვილისთვის სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობის გამოცხადებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის შესწავლა აქტუალობას არ კარგავს. ნაშრომში შესწავლილი, წარმოდგენილი მასალები, ნათლად აღწერს არსებულ ვითარებას, განხილული დოკუმენტები (რომელთაგან ზოგიერთი პირველად შემოდის ქართულ სამეცნიერო სივრცეში), ნათელს ჰფენს 1918-სა და 1991 წელის ეპოქალურ მოვლენებს. სიტუაციური ანალიზი, ვფიქრობთ, საინტერესო სამეცნიეროს მიგნებებთან ერთად, ნაშრომს პრაქტიკულ ღირებულებასაც სძენს, რაც წარმოადგენს სიახლეს და ზრდის ნაშრომის მიმართ ინტერესს.
1991 წლის 31 მარტი, 26 მაისის კონტექსტში, საქართველოს უახლოესი ისტორიის მნიშვნელოვანი დღეა. სწორედ ამ დღეს ჩატარებულ რეფერენდუმის კითხვას - „ეთანხმებით თუ არა საქართველოს სახელმწიფო დამოუკიდებლობის აღდგენას 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“ რეფერენდუმში მონაწილეთა 99,08 %-მა დადებითად უპასუხა, მათ შორის ქვეყნის არაქართველმა მოსახლეობამაც. ეს ადასტურებს წინასარეფერენდუმო პერიოდში მოსახლეობის განწყობას, შემდეგში უკვე საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას მოწოდებისადმი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ყველა ჩვენგანის ხმა 31 მარტს შეიძლება ის ერთადერთი იყოს, რომელიც გადაწყვეტს ჩვენი სახელმწიფოს - საქართველოს - ბედსო. რეფერენდუმის შედეგის საფუძველზე კი 1991 წლის 9 აპრილს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა გამოცხადა.
ნაშრომის სიახლეს წარმოადგენს აღნიშნული საკვლევი პრობლემის კომპლექსურად შესწავლისათვის მოძიებული, ნაშრომში ჩართული მასალები, რომელთაგან ზოგიერთი პირველად არის გამოყენებული, სიახლეა და განსაკუთრებულ დატვირთვას სძენს ნაშრომს. შესაბამისად, ქვეყნის უახლესი ისტორიის საინტერესო დეტალებზე აქცენტები აქტუალურობას არ კარგავს, როგორც ყოფილი პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებისთვის, ისე, ამ მეტად საინტერესო პერიოდის, საერთაშორისო პოლიტიკით დაინტერესებულ პირთათვის.
ნაშრომის პრობლემა, ზემოთთქმულიდან გამომდინარე, მთელი რიგი სამეცნიერო ლიტერატურის, ხელისუფლების მიერ მიღებული დოკუმენტების, პრესის მასალების, სხვა ქვეყნის პოლიტიკური პირების დამოკიდებულებების, შესწავლის საფუძველზე ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პროცესის ახლებურ გააზრებას და შემდეგ კითხვებზე პასუხს მოიცავს: 1. 1918 წლის 26 მაისი კონტექსტი საქართველოში; 2. რეფერენდუმამდე არსებული პოლიტიკური პროცესები; 3. რეფერენდუმის ჩატარების მიზანი და პროცესი, 4. საქართველოს სახელმწიფოებრივის დამოუკიდებლობის აღდგენა; 5.სხვა ერთა და ქვეყნების დამოკიდებულებების წარმოჩენა, რომელიც ქართული უახლესი პოლიტიკური ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილია (შველიძე, 2021).
კვლევის მეთოდებიდან ნაშრომში, სამეცნიერო პრობლემის შესასწავლად, ანალიზისათვის, გამოყენებულია - ისტორიზმის (26 მაისის კონტექსტი, პოლიტიკური ვითარების მახასიათებლების მასალების გათვალისწინება); შედარებითი (დამოუკიდებლობის, 26 მაისს და 9 აპრილს, გამოცხადების თანმხლები სირთულეები); სიტუაციური ანალიზის (Case-study) (ნაშრომში შესასწავლი პოლიტიკური პროცესების გააზრება თანმხლები ვითარების ფონზე); ასევე აღწერითი მეთოდები (მთელი რიგი მოგროვილი მასალების, პირველადი და მეორადი წყაროები).
ნაშრომის დასკვნაში წარმოდგენილია და ნათლად ჩანს, რომ საქართველოში 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა ქვეყანა გაანთავისუფლა 70-წლიანი საბჭოთა რეჟიმისგან. ამასთან, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჩატარებული რეფერენდუმი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის სამართლებრივი გარანტიაა. კონსტიტუციით დაცული საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტი ამ რეფერენდუმის შედეგს ეყრდნობა. საქართველოში ჩატარებულმა რეფერენდუმმა მთელ მსოფლიოს დაანახა, რომ თავისუფალი არჩევანის პირობებში საქართველოს მოსახლეობამ მხარი დაუჭირა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას, საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გასვლას, რასაც ძალიან დიდი, სერიოზული რეზონანსი მოჰყვა.
სწორედ ამიტომ, მიღწეული შედეგებიდან გამომდინარე, რეფერენდუმის შესახებ საზოგადოებრივი აზრი, როგორც მაშინ დღესაც ისევე დადებითია, რადგან ეს ისტორიული პროცესი საფუძველია, როგორც საქართველოს კონსტიტუციაშია ნათქვამი, იმისა, რომ „საქართველო არის დამოუკიდებელი, ერთიანი და განუყოფელი სახელმწიფო, რაც დადასტურებულია 1991 წლის 31 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, მათ შორის აფხაზეთის ასსრ-ში და ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში ჩატარებული რეფერენდუმით და 1991 წლის 9 აპრილის საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტით“.
საკვანძო სიტყვები: საქართველო, დამოუკიდებლობა, რეფერენდუმი, 26 მაისი, ზვიად გამსახურდია.Full Text:
PDFReferences
მაცაბერიძე, მ. 2019, საქართველოს პოლიტიკური სისტემა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტი, თბილისი.
ჯანელიძე, ო. 2018, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ისტორიის ნარკვევები, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი.
შველიძე, დ. 2021, პოლიტიკური დაპირისპირებები და ეროვ-ნული ხელისუფლების დამხობა საქართველოში 1987-1992, გამო-მცემლობა „არტანუჯი“, თბილისი.
ნათმელაძე, მ., დაუშვილი, ალ. 2005. საქართველოს უახლესი ისტორია(1921-2000წწ.), ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტი¬ტუ-ტი, თბილისი.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1990 წლის 7 დეკემბერი.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წლის 3 იანვარი.
გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“, 1991 წლის 5 აპრილი.
გაზეთი „ერთობა“, 1919, 26 მაისი.
Refbacks
- There are currently no refbacks.