1918 წლის ბათუმის კონფერენცია და საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხი
Abstract
1918 წლის მაისში, ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის ზოგადი იდეა პრაქტიკული მოქმედების საგნად გადიქცა. აქვე დაიწყო მუშაობა დამოუკიდებლობის აქტის პროექტზეც, რომელიც თბილისში დასრულდა და 26 მაისს ეროვნული საბჭოს სხდომაზე დამტკიცდა. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ ბათუმის კონფერენციამ საფუძველი შეუმზადა ახალი ქართული სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას.
მოხსენებაში ფართოდ გაშუქდება ოსმალეთისა და ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციების ბათუმის მოლაპარაკებაში გერმანიის ოფიციალური წარმომადგენლების მონაწილეობა. გერმანიიდან გამოგზავნილ ექვსკაციან დელეგაციას, რომელსაც გენერალ ფონ ლოსოვი ხელმძღვანელობდა, კონსულტანტის ფუნქციით, თან ახლდა საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის თავმჯდომარე პეტრე სურგულაძეც. დელეგაციაში შედიოდნენ ქართულ კომიტეტთან მჭიდროდ დაკავშირებული დიპლომატი გრაფი ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგი, გერმანიის გენერალური შტაბის პოლიტიკური სექციის უფროსი, ლეგაციის მდივანი ოტო გიუნტერ ფონ ვეზენდოკი და სამხედრო დაზვერვის ოფიცერი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღმოსავლეთის პოლიტიკის საკითხების რეფერენტი რუდოლფ ნადოლნი. კომიტეტი 1914 წლიდან თანამშრომლობდა გერმანიის სამთავრობო წრეებთან და ხელშეკრულებაც ჰქონდა გაფორმებული ოფიციალურ ბერლინთან, რომლის თანახმად, გერმანიას უნდა დაეცვა საქართველოს უსაფრთხოება, თუ იგი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.
ვეზენდოკმა ამიერკავკასიის დელეგაციის თავმჯდომარეს აკაკი ჩხენკელს ჩამოუტანა და გადასცა გიორგი მაჩაბლის წერილი, რომელიც ბერლინშია დაწერილი და 1918 წლის 29 აპრილითაა დათარიღებული. წერილი, ფაქტობრივად, განთავისუფლების კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის ანგარიშს შეიცავს, მიმოიხილავს საქმიან მიმოწერას გერმანიასთან და ცენტრალურ სახელმწიფოთა ბლოკის სხვა ქვეყნებთან (ავსტრია-უნგრეთი, ოსმალეთი), მათან ხელმოწერილ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. წერილში მოცემული იყო ერთგვარი გეგმაც, რომლითაც შექმნილ სიტუაციაში ამიერკავკასიის დელეგაციის ქართველ წევრებს უნდა ემოქმედათ.
სწორედ ეს წერილი გახდა საფუძველი აკაკი ჩხენკელის ფონ ლოსოვთან მოლაპარაკებისა, რომელშიც შემდეგ ბათუმში საგანგებოდ ჩასული ნოე ჟორდანიაც ჩაერთო. კომიტეტის მიერ გაწეული მუშაობის, აგრეთვე, 1918 წლის გაზაფხულისათვის პირველი მსოფლიო ომით შექმნლი კონიუქტურის გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული საბჭო მიდის გადაწყვეტილებამდე – გამოაცხადოს საქართველოს დამოუკიდებლობა. ამდენად, ის, რაც თბილისში 26 მაისს აღსრულდა, არსებითად, ბათუმში დაიგეგმა და გადაწყდა.
საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თემა სოლიდური სამეცნიერო პრობლემაა. ამასთან, მისი კვლევა აქტუალურია, როგორც ისტორიოგრაფიული თვალსაზრისით, ისე ქართულ სოციუმში თავისუფლებისა და რესპუბლიკის იდეის დასამკვიდრებისათვის, რასაც დიდი საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს.
მოხსენება იქნება მეცნიერული სიახლის შემცველი, რადგან მასში პირველწყაროების საფუძველზე კომპლექსურად წარმოჩნდება საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საერთაშორისო ფონი და ადგილობრივი კონტექსტი, რაც აქამდე გაკეთებული არ ყოფილა. ნაშრომი პირველწყაროებს, საარქივო დოკუმენტებს, პერიოდული პრესის მასალებს, მემუარული ხასიათისა და სპეციალური ლიტერატურის მონაცემებს დაეფუძნება. მოხსენებაში დასმული პრობლემა გადაიჭრება სასისტორიო კვლევის ისეთი ტრადიციული მეთოდებით, როგორიცაა ისტორიზმის, ისტორიულ-შედარებითი, რეტროსპექტული, შემთხვევის ანალიზისა და აღწერითი მეთოდები.
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი შესაძლებლობას იძლევა, დადგინდეს მსგავსება და განსხვავებები დროის განსაზღვრულ ინტერვალში მომხდარ მოვლენებს შორის, რომლებიც ეპოქის კონტექსტში განიხილება. თემის ისტორიული ფონი შესწავლილი იქნება რეტროსპექტული მეთოდის გამოყენებით, რომელიც ხელს უწყობს მოვლენებსა და ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დადგენასა და მეცნიერული ხედვის ჩამოყალიბებას განსახილველი პრობლემის ირგვლივ. აღწერითი მეთოდი დაგვეხმარება ემპირიული მასალის შეგროვებასა და სისტემატიზაციაში, ფაქტებისა და მოვლენების ზუსტად გადმოცემასა და გააზრებაში, პასუხების გაცემაში კითხვებზე: რა, სად, როდის და როგორ.
შემთხვევის ანალიზი, როგორც ყოვლისმომცველი კვლევის მეთოდი, გულისხმობს კონკრეტული შემთხვევის, მოვლენის ან ფენომენის სიღრმისეულ შესწავლას, დეტალური აღწერას, მის ახსნასა და ინტერპრეტაციას. წყაროებისა და ფაქტობრივი მასალის კრიტიკული ანალიზი, ისე როგორც საკითხის სხვადასხვა რაკურსით გაშუქება და განსხვავებული პერსპექტივიდან წარმოჩენა მართებული დასკვნების ჩამოყალიბების აუცილებელ წინაპირობად გვესახება.
Full Text:
PDFReferences
გიორგი მაჩაბელი. წერილები, ქართული ემიგრაციის მუ¬ზეუმი, გურამ შარაძის კერძო კოლექცია, ფონდი M-ა.5-ხ. 3,4,5,8.
საქართველოს ეროვნული არქივი, ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 1836, ანაწ. 1, საქმე 132. ფურც. 13-14.
გოგოლიშვილი ო., ნუცა ჩხაიძე. ნესტორ იაკობის ძე ხვინგია (1888-1941 წ.წ.), ჟურნალი „ჭოროხი“, 2021, N2.
ვინ დაბეჭდა პირველი კონსტიტუცია? (სამი ხვინგია) http://www.adjara.gov.ge/description.aspx?gtid=1022207
კობახიძე რ., გიორგი მაჩაბლის კერძო წერილები აკაკი ჩხენ-კელს მასალები ქართული დიპლომატიის ისტორიის კვლევისათ¬ვის, ჟურნ. „ქართული ემიგრაცია“, 2014, # 2 (5).
მამულია გ., ასტამაძე გ., საქართველოს განთავისუფლების კომიტეტი. 1914-1918. დოკუმენტები და მასალები, თბ., 2019.
წერეთელი გ., ქართული ემიგრაცია და ადამიანები, პარიზი, 1971.
ჯანელიძე ო., საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის პრო-ექტები, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. მეხუთე სა¬ერ-თაშორისო კონფერენცია ,,განათლება და ინოვაცია“, 16-18 ნო¬ემბერი, გორი, 2012.
Şahin E., Trabzon ve Batum konferansları ve antlaşmaları (1917-1918). Ankara: Türk Tarih Kurumu, 2002.
Документы и материалы по внешненй политике Закавказья и Грузии. Тифлис, 1919.
Трапезундская и Батумская мирные конференции. Февраль-Май 1918 года. Документы и материалы. Ответственный редактор Ир. Якобашвили, Тб., 2018.
Шукюров К., Западный Азербайджан в системе закавказской государственности. https://qerbiazerbaycan.com/ru/%D0%B7%D0%B0%D0%BF%D0%B0%D0%B4%D0%BD%D1%8B%D0%B9-%D0%B0%D0%B7%D0%B5%D1%80%D0%B1%D0%B0%D0%B9%D0%B4%D0%B6%D0%B0%D0%BD-%D0%B2-%D1%81%D0%B8%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BC%D0%B5-%D0%B7%D0%B0%D0%BA%D0%B0%D0%B2/
https://search.rads-doi.org/showfile/ru/19627
https://www.historycaucasus.com/blog/independence-of-the-north-caucasus-in-german-imperial-archive-documents
https://de.wikipedia.org/wiki/Otto_G%C3%BCnther_von_Wesendonk
Refbacks
- There are currently no refbacks.