ქართული უნივერსიტეტი - საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის ერთ-ერთი ინიციატორი
Abstract
ნაშრომი მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950
აბსტრაქტი
საკვლევი თემა. მოხსენებაში განხილულია 1918 წლის 4 აპრილს (ძვ. სტ.) ქართულ უნივერსიტეტში გამართული სტუდენტთა საერთო კრება, სადაც მიიღეს მიმართვა ეროვნული საბჭოსადმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე. ამ კრების შესახებ მხოლოდ რამდენიმე საგაზეთო სტატია მოგვეპოვება.
აქტუალობა და სიახლე. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება 1918 წლის 26 მაისს უმნიშვნელოვანესი მოვლენაა საქართველოს ისტორიაში, რომელიც ჯერ კიდევ საჭიროებს საფუძვლიან და მრავალმხრივ შესწავლას. მას წინ უძღოდა ბრძოლა დამოუკიდებლობის გამოცხადების მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის. საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნებიდან ერთ-ერთი პირველი 1918 წლის 4 აპრილს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტების საერთო კრების მიერ მიღებული დადგენილება იყო. დამოუკიდებლობის აღდგენისკენ მიმართული მოწოდებები მეტყველებს იმაზე, რომ ქართული საზოგადოება დამოუკიდებლობის აღდგენის მომხრე იყო და 1918 წლის 26 მაისის აქტი გამოხატავდა ქართველი ერის ნებას. ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა 4 აპრილის კრება აქამდე არ ყოფილა ცალკე შესწავლის საგანი.
მეთოდი. კვლევის უმთავრესი მეთოდია იმდროინდელი პრესის მასალების შინაარსობრივი ანალიზი. სამწუხაროდ, ჩვენამდე მოღწეული მასალა მცირეა. ამ მასალაზე დაყრდნობით შევეცდებით 4 აპრილის კრებაზე და მასთან დაკავშირებით მოვლენათა შემდგომი განვითარების რეკონსტრუქციას. 4 აპრილს გამართული კრების შესახებ 8 აპრილს სოციალ-დემოკრაკრიტიკული პარტიის მთავარმა ორგანომ გაზეთმა ერთობამ გამოაქვეყნა ქართული უნივერსიტეტის სტუდენტის თ. თოთიბაძე-გრიაზნოვის წერილი, რომელიც არასწორად გადმოსცემდა კრებაზე მიღებულ რეზოლუციას, თითქოსდა საქართველოს დამოუკიდებლობას ოსმალეთთან სეპარატიული ზავის დასადებად ითხოვდნენ. როგორც ჩანს, ამ წერილის საპასუხოდ სოციალისტ-ფედერალისტური პარტიის მთავარ ორგანოში „სახალხო საქმეში“ 10 აპრილს გამოქვეყნდა 4 აპრილის კრებაზე მიღებული რეზოლუცია, 11 აპრილს კი იმავე გაზეთში „დანის“ ფსევდონიმით გამოქვეყნდა სტატია თოთიბაძე-გრიაზნოვის წერილის წინააღმდეგ სათაურით „ერთი მახინჯი ქართულ უნივერსიტეტსაც ჰყოლია“. სტატიის ავტორი 4 აპრილის კრების მდივანს სთხოვდა „საკითხის მთლიანად გასაშუქებლად“ კრების ვრცელი ოქმის გამოქვეყნებას. სამწუხაროდ, ეს ოქმი არ გამოქვეყნებულა.
კვლევის შედეგები. 4 აპრილის სტუდენტთა საერთო კრება წინა კრების გაგრძელება იყო („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი). კრება შედგა ქართული უნივერსიტეტის დარბაზში. ამ დროისათვის ქართულ უნივერსიტეტში 600-მდე მსმენელი ითვლებოდა და მათი უმრავლესობა კრებას ესწრებოდა („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი). კრების დროს ლექციები შეწყვეტილი იყო („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი). სტუდენტთა საერთო კრებამ მოისმინა მოხსენება „საქართველოს საერთო პოლიტიკური მდგომარეობის შესახებ“ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 10 აპრილი). სამწუხაროდ, მომხსენებლის გვარი აღნიშნული არ არის.
4 აპრილის კრებაზე გამოვიდა 5-6 ორატორი და ყველა ამტკიცებდა, რომ სამშობლო განსაცდელშია. განსაკუთრებით აქტიურობდა იმედაშვილი, რომლის განცხადებითაც ქვეყნის გადასარჩენად აუცილებელი იყო „თვით საქართველოზე ორიენტავიის აღება“. ამ პოზიციას იზიარებდნენ სხვა ორატორებიც და ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა ცხრა მეათედი მაინც („ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი).
მიღებულ დადგენილებაში ნათქვამი იყო, რომ კრებამ „გაითვალისწინა ის გარემოება, რომ გარეშე ქართველი ერისა საქართველოსთვის არავითარი სხვა რეალური ძალა არ არსებობს“ და დაადგინა „მოხდეს ძირითადი ცვლილება მართვა-გამგეობის საქმეში, აღიარებულ იქმნას სახელმწიფოებრივობა ქართველი ერისა და ასეთმა სახელმწიფოებრივმა ერთეულმა ერთეულმა შეასრულოს სახელმწიფოთა ფორმაციისათვის სავალდებულო საერთაშორისო ყველა იურიდიული წესები. ეს უფლება განახორციელოს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, რომლის მიერ არჩეულ მთავრობას, სანამ მოწვეულ იქნებოდეს საქართველოს დამფუძნებელი კრება, მიენიჭოს დროებითი მთავრობის ფუნქციები“. ამ დადგენილების ასლი ეცნობა ამიერკავკასიის სეიმს, მთავრობას, საქართველოს ეროვნულ საბჭოს და ქართულ პოლიტიკურ პარტიებს („სახალხო საქმე“, 1918 წ. 10 აპრილი).
მიღებული დადგენილების წინააღმდეგი მხოლოდ 2 აღმოჩნდა, „დანის“ შეფასებით, „მახინჯი გონების პატრონი, რომელთაც ხმა მისცეს წინააღმდეგ“, 9 კაცმა თავი შეიკავა. იმედაშვილმა, სოციალ-დემოკრატიულმა ფრაქციის სახელით, უარი თქვა კენჭის ყრაში მონაწილეობაზე, მაგრამ მის ფრაქციაში 6 თუ 7 წევრი აღმოჩნდა. სოციალ-დემოკრატმა „ჭინჭარაძის ქალმა“. „საჯარო პროტესტი განაცხადა კრებაზედვე“ სოციალ-დემოკრატიული ფრაქციის პოზიციის წინააღმდეგ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი).
„დანი“ კრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე აღნიშნავდა: „ქართველ ახალგაზრდობაში გონიერებამ გაიმარჯვა, ის ფხიზელი თვალით უყურებს ყოველივე მოვლენას, განთავისუფლდა ყოველგვარნდოგმიდან და თავისუფალი მოაზროვნე ქართველი გახდა“ („სახალხო საქმე“, 1918 წ. 11 აპრილი).
ის, რისკენაც მოუწოდებდნენ ეროვნულ საბჭოს ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები, მალე რეალობა გახდა. 1918 წ. 9 (22) აპრილს ამიერკავკასიის დამოუკიდებელი სახელმწიფო შეიქმნა, რომელმაც დიდხანს ვერ იარსება და 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა გამოცხადდა.
Full Text:
PDFReferences
თ. თოთიბაძე-გრიაზნოვი. სამწუხარო სინამდვილე - „ერთობა“, 1918 წ. 8 აპრილი, N 81
ქართული უნივერსიტეტის სტუდენტთა დადგენილება - „სახალხო საქმე“, 1918 წ., აპრილის 10 (23), N 217.
დანი. ერთი მახინჯი ქართულ უნივერსიტეტსაც ჰყოლია - „სახალხო საქმე“, 1918 წ., აპრილის 11 (24), N 218, გვ.4
Refbacks
- There are currently no refbacks.