მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი, როგორც პოლიტიკური პროტესტისა და დისიდენტობის რეპრეზენტაციის სივრცე
Abstract
პოსტ-საბჭოთა სივრცეში დისიდენტობის მეხსიერების ინსტიტუციონალიზაცია წარმოადგენს მნიშვნელოვან პოლიტიკურ და კულტურულ პროცესს, რომლის ფარგლებშიც მუზეუმები გარდაიქმნება არა მხოლოდ ისტორიული არქივების შემნახველად, არამედ აქტიურ ინსტიტუციებად, რომლებიც აწარმოებენ, ახლებურად აშენებენ და გადაიაზრებენ საზოგადოებრივ მეხსიერებას. წარმოდგენილი კვლევის მიზანია გაანალიზოს მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი როგორც სივრცე, სადაც დისიდენტობა წარმოჩენილია ვიზუალური, ნარატიული და სიმბოლური საშუალებებით. ამასთან, ინდივიდუალური ბიოგრაფია გარდაიქმნება ინსტიტუციურ, პოლიტიზებულ და კოლექტიურ ნარატივად.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაციის, პროტესტის ციკლებისა და სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი საზოგადოების უნდობლობის ფონზე, დისიდენტური ფიგურების მუზეუმური რეპრეზენტაცია განსაკუთრებით აქტუალური ხდება. თანამედროვე საქართველოში მეხსიერების პოლიტიკა და საბჭოთა წარსულის ინტერპრეტაციაზე მიმდინარე დებატები ქმნის ინტელექტუალურ და კულტურულ გარემოს, სადაც მუზეუმებს შეგვიძლია მივანიჭოთ ნარატივების მწარმოებლის და პოლიტიკური მნიშვნელობის განსაზღვრის ინსტიტუციური როლი. სწორედ ასეთ კონტექსტში არის მნიშვნელოვანი მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის ანალიზი, რომელიც არა მხოლოდ პიროვნების ისტორიას აღწერს, არამედ სახელმწიფოსა და საზოგადოების მიერ დისიდენტობისა და პროტესტის პოლიტიკურ მოდელირებას წარმოადგენს.
კვლევა ეყრდნობა სამ თეორიულ ბლოკს. ერთი მხრივ, პროტესტის პოლიტიკის თეორიები (Tilly, 2006; Tarrow, 2011) საშუალებას იძლევა დისიდენტობა განვიხილოთ როგორც კოლექტიური და ინდივიდუალური წინააღმდეგობის პრაქტიკა, რომელიც სახელმწიფო რეპრესიული რეჟიმის პირობებში კონკრეტულ მოქმედების ფორმას იძენს. ამასთან, აქცენტი კეთდება დისიდენტობის კვლევებზე ჰიბრიდულ რეჟიმებში (Robertson, 2011; Ekiert & Kubik, 1999) რომელიც განმარტავს, თუ როგორ ხდება დევნის, სიხისტისა და სახელმწიფო ძალადობის გამოცდილებების ტრანსფორმაცია სამუზეუმო ნარატივად. ყურადღება მახვილდება მემორიალიზაციისა და მუზეუმური ნარატივების თეორიებზეც. (Macdonald, 2013; Hooper-Greenhill, 2000; Kirshenblatt-Gimblett, 1998) ამ შემთხვევაში, მუზეუმს განიხილავენ როგორც აქტიურ ინტერპრეტატორს, რომელიც ინახავს ექსპონატებს, ქმნის სიმბოლურ არქიტექტურას და მკაფიოს ხდის ისტორიულ ცოდნას.
კვლევის ამოცანებია:
- როგორ წარმოაჩენს მუზეუმი კოსტავას დისიდენტურ იდენტობას;
- როგორ განისაზღვრება კოსტავა როგორც ინდივიდუალური აქტორი და როგორც კოლექტიური წინააღმდეგობის ნაწილი;
- რა როლს ასრულებენ არტეფაქტები (ფოტოები, პირადი ნივთები, ხელნაწერები, არალეგალური სტამბის მასალა, ციხის საკნის რეკონსტრუქცია) დისიდენტობის ნარატივში;
- რა დისკურსით არის აღწერილი საბჭოთა სისტემა და სახელმწიფოს რეპრესიული პრაქტიკები.
ნაშრომი თვისებრივი კვლევის მეთოდებითაა შესრულებული. პროცესში გამოყენებულია დისკურსული ანალიზი, ვიზუალური გაგების ჩარჩო (visual framing) და სიმბოლური ანთროპოლოგიის მიდგომები. მუზეუმის სივრცე ზედაპირზე გამოჰყავს არა მხოლოდ კოსტავას ბიოგრაფიული დეტალები, არამედ პოლიტიკური უნივერსალური თემები: სახელმწიფო კონტროლის მექანიზმები, რეპრესიის ფსიქოლოგიური ეფექტები, მოქალაქეობრივი წინააღმდეგობის ფორმები და კოლექტიური მოქმედების მნიშვნელობა.
მუზეუმის ექსპოზიციების, არქივის და გიდის ნარატივების ანალიზმა გამოავლინა, რომ მერაბ კოსტავას დისიდენტური იდენტობა მუზეუმში კონსტრუირდება არა როგორც მონოლითური „გმირის ფიგურა“, არამედ როგორც მრავალშრიანი და თანმიმდევრული პოლიტიკური მდგომარეობა, რომელიც მის ახალგაზრდულ წლებსა და კოლექტიურ წინააღმდეგობის ფორმებს უკავშირდება. ექსპონატების მიხედვით ნათლად იკითხება, რომ კოსტავას დისიდენტური მისწრაფებები სკოლის ასაკიდან იწყება - განსაკუთრებით თვალსაჩინოა ახალგაზრდული ჯგუფი „გორგასლიანი“, რომლის ჩანაწერები და ფოტოები აჩვენებს, რომ მისი პოლიტიკური სოციალიზაცია და კრიტიკული პოზიციონირება საბჭოთა რეჟიმის მიმართ ჯერ კიდევ ადრეული ახალგაზრდობიდან ვითარდებოდა (საქართველოს ეროვნული ენციკლოპედია, 2025). ეს ჯგუფი მუზეუმში არ არის წარმოდგენილი როგორც კოსტავასადმი სრული პერსონალური მიბმა; პირიქით, ნარატივი ხაზს უსვამს მის ჰორიზონტალურ და კოლექტიურ ბუნებას, რაც განსაკუთრებით შეესაბამება თანამედროვე სოციალური მოძრაობების თეორიულ მოდელებს, სადაც ლიდერობა ხშირად განაწილებულია (Tilly, 2006; Tarrow, 2011).
მუზეუმის ნარატივში კოსტავა არ არის აბსოლუტური „ერთპიროვნული გმირი“ - მისი ფიგურა წარმოაჩენს ლიდერობის ისეთ ფორმას, რომელიც მიღწევების კოლექტიურობას არ ჩრდილავს. ეს მნიშვნელოვანი აღმოჩენაა პოსტ-საბჭოთა პერსონალურ მუზეუმებში გავრცელებული ტენდენციის ფონზე, სადაც ხშირად ერთ ინდივიდზე ზედმეტი აქცენტის გაკეთება ხდებოდა (Macdonald, 2013). აქ კი პირიქით - მუზეუმი ერთდროულად აჩვენებს მის განსაკუთრებულ როლს და მის მიერ გაწეულ საქმიანობას სხვა აქტორებთან თანაბარი მნიშვნელობის სივრცეში ათავსებს.
არტეფაქტების ანალიზმა ცხადყო, რომ მუზეუმი დისიდენტობის ნარატივს ღირებულებითი და სიმბოლური კონტექსტით ავსებს. კოსტავას კაბინეტში სრულიად დაუფარავად გამოფენილი ბიბლია, ხატები და რელიგიური მასალები - საბჭოთა გარემოში მკაცრად კონტროლირებადი კატეგორია - წარმოადგენენ დისიდენტობის რელიგიურ-კულტურულ შემადგენელს, რომელიც წინააღმდეგობის ფორმას აძლიერებს. ამავე დროს, ექსპოზიციის მნიშვნელოვანი განყოფილებაა ილია ჭავჭავაძის მიმართ კოსტავას პატივისცემის არტეფაქტები: მისი გამოსახულებით გრავიურა, ხელნაწერები და სხვა მასალები ქმნის მკაფიო ვიზუალურ ჩარჩოს (Hooper-Greenhill, 2000), რომელიც კოსტავას ღირებულებებს მის ინტელექტუალურ და ეროვნულ კონტექსტში ათავსებს. აქ ილია წარმოდგენილია არა როგორც სიმბოლური „ივერიის მამა“, არამედ როგორც იდეური საყრდენი, რომლის გავლენაც კოსტავას მსოფლმხედველობაზე აშკარად ჩანს.
საბჭოთა სისტემის რეპრესიული პოლიტიკის შესახებ მუზეუმის ნარატივი განსაკუთრებით ძლიერი ხდება მაშინ, როდესაც ის ეხება კოსტავას არაერთგზის გადასახლებას და მისთვის დაწესებულ ფსევდოსამედიცინო დიაგნოზს - „დუნედ მიმდინარე შიზოფრენია“. მუზეუმი ამ ფაქტს წარმოაჩენს როგორც საბჭოთა პათოლოგიზაციის სტრატეგიის ნაწილს, რომელიც დისიდენტების დელეგიტიმაციას ემსახურებოდა. აღნიშნული დიაგნოზი, რომელიც ფართოდ გამოიყენებოდა 1960-80-იან წლებში „политически ненадежных лиц“-ებზე, ექსპოზიციაში დევს როგორც სისტემური ძალადობის მთავარი სიმბოლო. ამგვარად, მუზეუმი კოლექტიურ მეხსიერებაში არა მხოლოდ პიროვნულ ტრაგედიას, არამედ რეპრესიის ინსტიტუციურ მექანიზმებს ამჟღავნებს.
საერთო ჯამში, მიგნებები აჩვენებს, რომ მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი დისიდენტობის ნარატივს ქმნის მრავალხმოვანი და პოლიფონიური სტრუქტურით: აქ ერთდროულად ჩანს ადრეული ახალგაზრდული პროტესტი, კოლექტიური პოლიტიკური მოქმედება, კულტურულ-ეროვნული ღირებულებები და საბჭოთა ძალადობრივი პრაქტიკების გაშიფვრა. მუზეუმი ამგვარად ნამდვილად იქცევა ისეთ სივრცედ, სადაც ინდივიდუალური ბიოგრაფია გარდაიქმნება პოლიტიკურ მეხსიერებად, ხოლო დისიდენტობის ისტორია - პროტესტის პოლიტიკური კულტურის ნაწილად.
ეს ნაშრომი შესაძლოა გახდეს ინტერ-დისციპლინარულ განხილვის წინაპირობა, დისიდენტობის, პროტესტის პოლიტიკისა და მეხსიერების ინსტიტუციონალიზაციის შესახებ პოსტ-საბჭოთა ქვეყნებში. ქმნის საფუძველს მომავალი კვლევებისთვის, რომლებიც შეეხება კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიზაციას, ისტორიული ნარატივების შექმნის პროცესებს და მუზეუმების როლს დემოკრატიულ საზოგადოებებში.
საკვანძო სიტყვები: მერაბ კოსტავა, დისიდენტობა, პროტესტის პოლიტიკა, მეხსიერების პოლიტიკა, visual framing, მუზეუმი, პოსტ-საბჭოთა საქართველო
Full Text:
PDFReferences
Ekiert, G., & Kubik, J. (1999). Rebellious civil society: Popular protest and democratic consolidation in Poland, 1989–1993. University of Michigan Press. https://www.press.umich.edu/1999/rebellious_civil_society
Hooper-Greenhill, E. (2000). Museums and the interpretation of visual culture. Routledge. https://www.routledge.com/Museums-and-the-Interpretation-of-Visual-Culture/Hooper-Greenhill/p/book/9780415201223
Kirshenblatt-Gimblett, B. (1998). Destination culture: Tourism, museums, and heritage. University of California Press. https://www.ucpress.edu/book/9780520205343/destination-culture
Macdonald, S. (2013). Memorylands: Heritage and identity in Europe today. Routledge. https://www.routledge.com/Memorylands-Heritage-and-Identity-in-Europe-Today/Macdonald/p/book/9780415509374
Robertson, G. (2011). The politics of protest in hybrid regimes. Cambridge University Press. https://www.cambridge.org/core/books/politics-of-protest-in-hybrid-regimes/
Tarrow, S. (2011). Power in movement: Social movements and contentious politics. Cambridge University Press. https://www.cambridge.org/core/books/power-in-movement/
Tilly, C. (2006). Regimes and repertoires. University of Chicago Press. https://press.uchicago.edu/ucp/books/book/chicago/R/bo3620890.html
თბილისის მუზეუმების გაერთიანება. (2025). მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი. https://tbilisimuseumsunion.ge/muzeumebi/merab-kostavas-sakhl-muzeumi/
საქართველოს ეროვნული ენციკლოპედია. (2025). გორგასლიანი. https://georgianencyclopedia.ge/ka/form/753
Refbacks
- There are currently no refbacks.