მეხსიერების პოლიტიკა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხი: მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმის მაგალითი
Abstract
ეროვნული თავისუფლებისთვის ბრძოლის იდეა საქართველოს ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ზოგიერთ ქართველ საზოგადო მოღვაწეთა ცხოვრების ისტორია აქტიურად უკავშირდება ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეას, რაც ხშირად, მეხსიერების პოლიტიკის ნაწილი ხდება. ეროვნული დამოუკიდებლობის გამძაფრებული სურვილი საქართველოში განსაკუთრებით გამოიკვეთა საბჭოთა სამოცდაათ წლიანი მმართველობის პერიოდში. სწორედ, მე-20 საუკუნეს უკავშირდება ცნობილი ქართველი ეროვნული გმირის, დისიდენტის, მუსიკოსის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერის მერაბ კოსტავას მოღვაწეობა. მთელი მისი ცხოვრების განვლილი წლები ეროვნული თავისუფლების იდეისთვის ბრძოლის საუკეთესო ნიმუშია. მერაბ კოსტავასთვის პიროვნების თავისუფლება - ერის თავისუფლებისგან მოუწყვეტლივ განიხილებოდა. საქართველოს დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი მერაბ კოსტავა ხშირად იყო რეპრესირებული, დაპატიმრებული, რაც ქართველი საზოგადოებისთვის საერთო ეროვნული ცნობიერების განვითარებისთვის მნიშნელოვან მოვლენად იქცა.
ეროვნული თავისუფლების კონტექსტში მეხსიერების პოლიტიკა, დღევანდელ საქართველოში, კვლავ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის ნარატივის კონსტრუირების პროცესში, შესაბამისად, წარმოდგენილი თემა საკვლევად აქტუალურია. მუზეუმების როლი როგორც „მეხსიერების ადგილები“ თანამედროვე მეხსიერების პოლიტიკის კვლევებში ფართოდ განიხილება ინტერდისციპლინარული კუთხით, თუმცა ქართულ კონტექსტში ჯერ კიდევ ნაკლებად არის შესწავლილი. ნაშრომის თეორიულ ჩარჩოს წარმოადგენს მეხსიერების პოლიტიკის ცნობილი თეორეტიკოსის პიერ ნორას „lieux de mémoire“ (მეხსიერების ადგილი) კონცეფცია. იგი მრავალტომიან ნაშრომში („Les Lieux de mémoire“) მუზეუმს განიხილავს როგორც მეხსიერების ადგილსა და „კრისტალიზაციის წერტილს“, სადაც ისტორია და მეხსიერება ერთმანეთს ხვდება (Nora, 1997). ხოლო თეორიულად იგი მუზეუმის როლს ამტკიცებს სტატიაში სახელწოდებით - „მეხსიერებასა და ისტორიას შორის“ (Nora, 1989). შესაბამისად, კვლევის სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ფართო თეორიულ საფუძლეზე დაყრდნობით, მერაბ კოსტავას სახლ‑მუზეუმი პირველად განიხილება არა მხოლოდ როგორც კულტურული მემკვიდრეობის ობიექტი, არამედ როგორც მეხსიერების პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც ქმნის ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას.
თავდაპირველად, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმი, თბილისში, 1991 წელს დაარსდა, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით. რამდენიმეწლიანი რესტავრაციის შემდეგ, 2025 წლის ოქტომბერში, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი განახლებული იერსახით გაიხსნა. დღესდღეობით, მუზეუმში დაცულია მერაბ კოსტავას პირადი ნივთები, მემორიალური ავეჯი, ბიბლიოთეკა, ხელნაწერები, ნოტებისა და მუსიკალური ფირფიტების კოლექცია, მე-20 საუკუნის II ნახევრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ფოტო და დოკუმენტური მასალა, პირადი წერილები, მისი თაოსნობით გამოცემული არალეგალური ჟურნალ-გაზეთები და სხვა (tbilisimuseumsunion.ge, 2025).
წინამდებარე მოხსენება აანალიზებს მეხსიერების პოლიტიკისა და ეროვნული დამოუკიდებლობის საკითხს მერაბ კოსტავას სახლ‑მუზეუმის მაგალითზე. კვლევის მიზანია გაანალიზოს, როგორ იქცევა მუზეუმი მეხსიერების ადგილად („lieu de mémoire“) და როგორ წარმოჩინდება ეროვნული დამოუკიდებლობის ნარატივი მისი ექსპოზიციის, პირადი ნივთების, ხელნაწერებისა და სიმბოლური ელემენტების საშუალებით. მოხსნებაში მერაბ კოსტავას სახლ‑მუზეუმი განიხილება როგორც კონკრეტული შემთხვევა, რომელიც ასახავს უფრო ფართო სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს: ეროვნული მოძრაობის ისტორიის, დისიდენტობისა და დამოუკიდებლობის იდეას კულტურულ სივრცეში. კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, საკვლევი ამოცანებია - 1) მუზეუმში დაცული ნივთებისთვის ეროვნული თავისუფლების იდეის განსაზღვრა; 2) მუზეუმში მერაბ კოსტავას პიროვნების წარმოჩენის იდენტიფიცირება სიტყვიერად (გიდის მიერ) და ვიზუალურად (ნივთების განლაგებით და მნიშნელობით). საკვლევი კითხვებია: როგორ ახერხებს მუზეუმი, როგორც ინსტიტუცია, ეროვნული დამოუკიდებლობის ნარატივის მატერიალიზაციას და ამავდროულად, კოლექტიური მეხსიერების ფორმირებას? როგორ იქცევა პირადი ნივთები, ხელნაწერები და სიმბოლური ელემენტები „ეროვნული მეხსიერების“ მატარებლებად?
მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის მაგალითზე ეროვნული თავისუფლების იდეის სიღრმისეული ანალიზისთვის ნაშრომი დაეფუძნა თვისებრივი კვლევის მეთოდებს. შემთხვევის შესწავლამ (Case Study) საშუალება მომცა მერაბ კოსტავას სახლ‑მუზეუმი განმეხილა, როგორც კონკრეტული მაგალითი, რომელიც ასახავს ფართო სოციალურ და პოლიტიკურ პროცესებს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. დისკურსული ანალიზი მიმართულია მუზეუმის ტექსტების, წარწერებისა და გიდის ინტერპრეტაციების შესწავლაზე, რითიც გამოიკვეთა, რა სიტყვებით და ნარატივებით წარმოჩინდება კოსტავას როლი. ვიზუალური ანალიზის საშუალებით შეფასდა ექსპოზიციის სტრუქტურა, ნივთების განლაგება და ვიზუალური ეფექტები, ხოლო სემიოტიკური ანალიზით სიმბოლური ელემენტების მნიშვნელობის გააზრება, მაგალითად, ხელნაწერების, მუსიკალური ინსტრუმენტების ან ფოტოების, როგორც ეროვნული დამოუკიდებლობის სიმბოლოების.
კვლევის შედეგად, მერაბ კოსტავას სახლ‑მუზეუმი წარმოჩინდა როგორც მეხსიერების პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომელიც ქმნის კოლექტიურ მეხსიერებას და ამყარებს ეროვნული დამოუკიდებლობის იდეას. მუზეუმის ნარატივი გმირის, დისიდენტის და ეროვნული მოძრაობის ლიდერის ხატს აყალიბებს არა მხოლოდ დოკუმენტებითა და პირადი ნივთების საშუალებით, არამედ იმ სიმბოლური გარემოთი, სადაც ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული მისი სამუშაო ოთახი როიალით, ბიბლიითა და ფილოსოფიურ‑ისტორიული ლიტერატურით, ასევე კედლებზე გამოკვეთილი ცნობილი ქართველი ეროვნული მოღვაწეების პორტრეტებით - ილია ჭავჭავაძე, ექვთიმე თაყაიშვილი, ქაქუცა ჩოლოყაშვილი, ალექსანდრე ბატონიშვილი. ქვედა სართულზე ციხის საკნის იმიტაცია დამთვალიერებელს კოსტავას მრავალწლიან გადასახლებას ახსენებს. საკნის კედელზე გვხვდება წარწერა მისივე ესედან „თავისუფლება“: „დიახ! ცისა და ქვეყნის წინაშე ვაღიარებ: ნამდვილი თავისუფლება საკანში იშვა“. მუზეუმის ზედა სართული, სადაც ვიზუალური კოლაჟები, სამძიმრის წერილები, ხელნაწერები და სიმბოლური მოქალაქეობრივი მოწმობაა გამოფენილი, კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კოსტავას ტრაგიკულ გარდაცვალებასა და მიუღწეველ თავისუფლების იდეალს. ამგვარად, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ‑მუზეუმი „lieu de mémoire“-ის ფუნქციას იძენს: მატერიალური და სიმბოლური ელემენტების ერთიანობით იგი დამთვალიერებელს არა მხოლოდ ისტორიულ ფაქტებს აცნობს, არამედ ემოციურ კავშირს ქმნის, რითაც ეროვნული იდენტობის გამყარებას უწყობს ხელს. ამასთან, წარმოდგენილი კვლევა ღირებულია როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული მნიშვნელობით, ინტერდისციპლინარული კუთხით. ანალიზი აჩვენებს მუზეუმების როლს მეხსიერების პოლიტიკის ჭრილში და მომავალში შესაძლებელია, სამეცნიერო საზოგადოებაში ამ თემაზე დისკუსიების გააქტიურებას შეუწყოს ხელი, საქართველოს მაგალითის ჩართვით გლობალურ დებატებში ეროვნული დამოუკიდებლობისა და მეხსიერების პოლიტიკის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: მეხსიერების პოლიტიკა, ეროვნული დამოუკიდებლობა, მერაბ კოსტავა, სახლ-მუზეუმი, კოლექტიური მეხსიერება.
Full Text:
PDFRefbacks
- There are currently no refbacks.