საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმში
Abstract
აჭარის ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმი ბათუმში დაარსდა 1908 წელს როგორც სასკოლო მუზეუმი, 1939 წლიდან კი ეწევა სამეცნიერო-კვლევით მუშაობას. მუზეუმში დაცულია 180 000-მდე ექსპონატი. აღსანიშნავია, რომ მუზეუმს დიდი სივრცე არ უკავია და აქედან გამომდინარე რთულია, სრულყოფილად წარმოჩინდეს და სრულად გამოიფინოს რომელიმე კონკრეტულ ეპოქასა თუ მოვლენასთან დაკავშირებული ექსპოზიცია. ამის მიუხედავად, მუზეუმი დამთვალიერებელს დამოუკიდებლობის გამოცხადების და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შესახებ მნიშვნელოვან მასალებს აცნობს.
საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასთან დაკავშირებულ მასალებს (სხვასთან ერთად) მუზეუმში ერთი ოთახი უკავია. განსაკუთრებული ყურდღებაა გამახვილებული აჭარის საქართველოსთან დაბრუნების საკითხზე და ამ თემასთან დაკავშირებული როგორც სამხედრო, ისე პოლიტიკურ პირების პორტრეტები და მოვლენათა აღწერაა მოცემული. მუზეუმში განთავსებულია საქართველოს დამფუძნებელი კრების მიერ ხელმოწერილი დამოუკიდებლობის აქტი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა, პირველი რესპუბლიკის კონსტიტუციის პროექტი, დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკურ, სამხედრო და სასულიერო ხელმძღვანელთა სურათები, კანონთა და მთავრობის განკარგულებათა კრებულები, დემოკრატიული რესპუბლიკის არსებობის პერიოდში გამომავალი გაზეთების სხავადასხვა ნომერი და სხვა, პირველ რესპუბლიკასთან დაკავშირებული მასალები.
აღსანიშნავია, რომ მუზეუმში გამოფენილია ე. ეფრემოვის მიერ შესრულებული ნახატი სახელწოდებით „მენშევიკების გაქცევა ბათუმიდან“. საბჭოთა პროპაგანდისტული სურათი როგორც მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა აღნიშნული, შესრულებულია 1940 წელს, მუზეუმისვე დაკვეთით. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის ხელისუფლებამ 1921 წლის 18 მარტის დამფუძნებელი კრების უკანასკნელი სხდომის შემდეგ ქვეყანა სწორედ ბათუმიდან გემით დატოვა, საბჭოთა რეჟიმის პირობებში დაკვეთილი ნახატის აჭარის მუზეუმში გამოფენა და მიზანი გასაგებია - „მენშევიკები გაიქცნენ და მოსახლეობა მიატოვეს“.
მუზეუმში მცირე ექსპოზიცია ეთმობა ბათუმში ინგლისელთა ოკუპაციის პერიოდს. საოკუპაციო რეჟიმის ხელმძღვანელის ბრძანებებთან ერთად მუზეუმი დამთვალიერებელს ინგლისელი ჯარისკაცების სურათებსაც სთავაზობს.
მუზეუმში ყურადღებას ამახვილებს 1921 წლის თებერვალ-მარტის მოვლენებზე და ბათუმიდან ოსმალების განდევნაზე. გიორგი მაზნიაშვილის სურათთან ერთად მოცემულია ბათუმის ოსმალთაგან გათავისუფლების ბრძოლაში მეომართა საფლავებიდან ამოღებული ნივთები.
მუზეუმი დამთვალიერებელს ასევე წარუდგენს დემოკრატიული რესპუბლიკის ეკონომიკური მდგომარეობის დამახასიათებელ მასალებს. მათ შორის ფულის ნიშნებს, ბათუმში გამოცემულ მარკებს.
აღსანიშნავია, რომ ვებ-გვერდზე „აჭარის მუზეუმები“, ცალკე გვერდი ეთმობა ხარიტონ ახვლედიანის სახელობის მუზეუმს, რომელიც კოლექციების მცირე აღწერას, ვირტუალურ ტურს, ღონისძებებს და სხვა მნიშვნელოვან ინფორმაციას აერთიანებს მუზეუმის შესახებ. თუმცა გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია ზოგ შემთხვევაში უზუსტობებს შეიცავს. მაგ. კოლექციის აღწერაში, რომელიც 1921 წლის თებერვალ-მარტის ომს ეხება, ვებ-გვერდზე აღნიშნულია, რომ მუზეუმში გამოფენილია 1921 წლის ივნისის საქართველოს კონსტიტუციის პროექტი. მნიშვნელოვანია მექანიკური უზუსტობის გამოსწორება - კონსტიტუციის პროექტი 1920 წლის ივნისში გამოქვეყნდა. ამავე გვერდზე აღნიშნულია, რომ „1921 წლის თებერვალ-მარტში საბჭოთა რუსეთმა მოახდინა საქართველოს ანექსია“ - უმჯობესი იქნება ინფორმაცია ჩასწორდეს და მიეთითოს, „ფაქტობრივი ანექსია“ ან „ოკუპაცია“.
შესაძლებელია იმის თქმა რომ ფართის სიმცირის მიუხედავად, მუზეუმში გამოფენილი მასალები გარკვეულწილად მაინც უქმნის დამთვალიერებელს წარმოდგენას საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაზე. რასაკვირველია, უმჯობესი იქნება თუ მუზეუმს დიდი სივრცე დაეთმობა და უფრო მეტი მასალა იქნება ხელმისაწვდომი მნახველისთათვის, ეს უკვე წარმოდგენილ მასალებს შეავსებს და გაამრავალფეროვნებს.
Full Text:
PDFReferences
მოხსენება მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის - „თანამედროვე ქართული პარლამენტარიზმის სათავეებთან: საქართველოს ეროვნული საბჭო-საქართველოს პარლამენტი“ ფარგლებში. გრანტის კოდი: FR-23-2950
Refbacks
- There are currently no refbacks.