1921 წლის თებერვლის, როგორც განთავისუფლების თარიღის კონსტრუირება და ქართული ეროვნული თვითცნობიერების ბრძოლისა და შეგუების ეტაპები
Abstract
„იდეოლოგიები მიმართავენ ისტორიას
და მათ ხელში წარსული წინასწარმეტყველებად იქცევა“
მარგარეტ მაკმილანი
საკვლევი თემა მოიცავს საქართველოს გასაბჭოების თარიღის, 1921 წლის 25 თებერვალის, ირგვლივ შექმნილი ნარატივების ანალიზს, ფოკუსირდება წარსულის გასაბჭოების ფენომენის კვლევაზე და ამ თარიღის შემდეგ გამოხატულ ქართული ეროვნული იდენტობის მახასიათებლებზე.
ონტოლოგიურად საზოგადოება სხვა არაფერია, თუ არა ცვლილება, მოძრაობა და ტრანსფორმაცია. ეს არის კონსტრუირების და რეკონსტრუირების მუდმივი პროცესი და არა სტაბილურად ყოფნა. იმის თქმა, რომ სოციალური ცვლილებები იწვევს ტრავმას საკითხის წარმოუდგენელი გამარტივებაა. სწორი კითხვაა: რომელი ტიპის ცვლილებები იწვევს ტრავმას, როცა კოლექტიურ ცნობიერებაზე ვსაუბრობთ? რამდენიმე კატეგორიად შეგვიძლია დავყოთ ეს ტიპები, თუმცა ერთ-ერთი აუცილებლად იქნება - უცხოელის მიერ დაპყრობა და ძველი პოლიტიკური რეჟიმის ნგრევა. უფრო რომ დავაკონკრეტოთ, კულტურული ტრავმის გამომწვევი შეიძლება იყოს ფუნდამენტური ცვლილება ინსტიტუტების ან რეჟიმების, რადგან ასეთი პოლიტიკური ცვლილება გულისხმობს კულტურულ ადაპტაციას და შესაბამისად ახალი კულტურული მახასიათებლების ჩამოყალიბებას. კულტურული იმპერატივები უნდა მოერგოს ახალ პოლიტიკურ გარემოს. ამის გარდა, შეგვიძლია ტრავმული გამოცდილების წყაროდ განვიხილოთ რწმენა-წარმოდგენების, მოძღვრების და იდეოლოგიის ცვლილება (The Trauma of Social Change; A Case of Postcommunist Societies, 2004). საქართველოს მაგალითზე, თუ თანამედროვეობაში 1921 წლის თებერვლის მოვლენას ვუწოდებთ ოკუპაციას, საბჭოთა რეჟიმი იგივე მოვლენას უწოდებდა გათავისუფლებას პირველი რესპუბლიკის გამოცდილებისგან, 1918-1921 წლების პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრეობის წაშლის მცდელობით. ამ პროცესს შეგვიძლია ვუწოდოთ საბჭოური იდენტობის შექმნის ტიპური გამოხატულება, თუ როგორ იქმნებოდა საბჭოური ნარატივი იმის შესახებ, რომ 1921 წლის ოკუპაცია იყო რევოლუციური გამოხსნა და არა იმპერიული დაპყრობა. კვლევა ფართო ჭრილში უნდა განვიხილოთ, რომელიც მოიცავს ნაციონალიზმს, მახსოვრობის პოლიტიკას და ისტორიულ რევიზიონიზმს. კვლევა აანალიზებს, როგორც ოკუპაციის პირველ წლებში ქართველი საზოგადოების მიერ გამოთქმულ-გამოხატულ პროტესტისა და ბრძოლის ფორმებს, ისე ერის შეგუების ეტაპზე გადასვლას, რასაც ლოგიკურად მოჰყვა „დუმილის“ ეტაპიც.
საკვლევი თემის აქტუალობა გამომდინარეობს თავად შესასწავლი ფენომენის მრავალმხრივობიდან, რადგან ეროვნული თვითცნობიერების გამოღვიძების, თუ პირიქით, შესუსტების ფენომენი არ არის სწორხაზოვნად განვითარებული მოვლენა, რომლის სავარაუდო შედეგების გენერალიზაცია შესაძლებელი და მოსახერხებელია. ეროვნული თვითცნობიერების კვლევის დროს მეტად უნდა ვფოკუსირდეთ შემთხვევის ანალიზზე, რადგან ერთნაირ პოლიტიკურ და სოციალურ გარემოში ერები განსხვავებულად რეაგირებენ. ერნესტ გელნერის თეორიას თუ შევეხებით ვნახავთ, რომ ავტორი ნაციონალიზმის პრინციპის დარღვევად თვლის შემთხვევას, რომელიც ერის ბრაზს და გაღიზიანებას იწვევს, როდესაც მმართველი/ები მოქალაქეების უმრავლესობისგან განსხვავებულ ერს ეკუთვნიან. ეს მომენტი მნიშვნელოვანია, რადგან ერნესტ გელნერის მოსაზრებით, ნაციონალიზმის პრინციპი ირღვევა, თუ მმართველი უმცირესობა ეთნიკური წარმოშობით განსხვავდება მართულ უმრავლესობაზე და ამ პრინციპის დარღვევის შედეგად წარმოიშვება მართულ უმრავლესობაში ბრაზი და აგრესია (Gellner, 1983). გელნერის თეორიის თანახმად, ქართველ ერში დაპყრობის შემდეგ გამოხატული ბრაზი უნდა გარდაქმნილიყო ნაციონალურ მოძრაობად. შესაბამისად, ქართველი ერის შემთხვევა საყურადღებო და აქტუალურია იმ კუთხითაც, რომ ნაკლებად ამართლებს ამ წამყვანი მოდერნისტული თეორიის ერთ-ერთ მთავარ ჰიპოთეზას.
კვლევის სიახლე: შეგვიძლია გამოვყოთ რამდენიმე ასპექტი, რომელსაც თემის ირგვლივ ახალი დისკუსი შემოაქვს. 1) საკვლევი თემა ხშირად განხილულია მეხსიერების პოლიტიკის ჭრილში, თუმცა კვლევას ექნება მეტად ჰიბრიდული ხასიათი და არის იდენტობის პოლიტიკის, ნაციონალიზმის თეორიების, მეხსიერების პოლიტიკის და ისტორიის გზაგასაყარზე; 2) კვლევაში ადაპტირებული იქნება ნაციონალიზმის რამდენიმე თანამედროვე თეორია, რომელიც ზოგად ჭრილში ახსნის და გაანალიზებს საქართველოს შემთხვევას, რაც თავის მხრივ ახალი მიდგომაა საკითხისადმი;
კვლევა ორიენტირებულია ისტორიული მანიპულაციების თვალსაზრისით ქართველი ერის კოლექტიური მეხსიერების ხელახალი ფორმირების შესწავლაზე და შესაბამისად, კვლევის მიზანია: იმ მომენტალური პასუხების და რეაქციების ანალიზი, რომელიც ქართველ ერს ჰქონდა ოკუპაციის წინააღმდეგ.
მეთოდოლოგია: 1) კვლევის შინაარსიდან გამომდინარე გამოყენებულია თვისებრივი კვლევის მეთოდი ისტორიული ანალიზის თვისებრივი მეთოდი, რაც მოიცავს საკვლევ თემაზე არსებული მეორეული წყაროების კვლევას; 2) კვლევაში გამოყენებულია დისკურსის ანალიზის მეთოდი იმ ენის, ტერმინებისა და რიტორიკის შესასწავლად, რომელიც გამოიყენეს საბჭოთა კონტროლის ნორმალიზებისა და ისტორიული მოვლენების რეინტერპრეტაციის პროცესში.
ტოტალიტარული რეჟიმი განსაზღვრავდა მეხსიერებას საბჭოთა ეპოქაში, რომელიც იცავდა და მიჰყვებოდა ერთ ფუნდამენტურ და ჰომოგენურ ნარატივს: საბჭოთა მომავალი ეროვნებათაშორის ჰარმონიული თანაცხოვრებაა. ამ ნარატივის მიხედვითვე, არარუსი ხალხი საბჭოთა კავშირს ნებაყოფლობით შეუერთდა. საქართველოს შემთხვევაში, 1921 წელს ოკუპაციის ტერმინის გამოყენება მიუღებელი იყო ბოლშევიკებისთვის, რადგან გასაბჭოება მოხდა ნებაყოფლობით, რევოლუციური ბოლშევიზმის მიზნების განხორციელებისთვის. შესაბამისად, ნებისმიერი წინააღმდეგობა (ვერბალური თუ ფიზიკური) გამოთქმული გასაბჭოების წინააღმდეგ ითვლებოდა დიადი მიზნების წინააღმდეგ წასვლად და რაც მთავარია არარუსი ხალხის ნების წინააღმდეგ მოქმედებად. ამ ნარატივის მიხედვით თავად ქართველებისვე სურვილით ხდება უცხო რეჟიმის შემოსვლა და შესაბამისად ეს დაპყრობა კი არა გათავისუფლებაა ძველი მმართველობისგან (Toria, 2014). შესაბამისად, ოკუპაცია მართლდებოდა იდეოლოგიურად და ითვლებოდა დიადი მიზნების განსახორციელებელ აუცილებლობად. იდეოლოგიური მოტივით ახსნა პოლიტიკური და სამხედრო გადაწყვეტილებების ნათელი იყო ოკუპაციის შემდეგ საქართველოში რუსეთის ყოფილი XI არმიის საჯარისო შენაერთების დიდი ხნით საქართველოში დარჩენის მოტივების განმარტების დროსაც, რადგან ეს იწვევდა საზოგადოების ნაწილის პროტესტს, თუმცა ბოლშევიკების მხრიდან რუსეთის არმიის დარჩენა საქართველოში აიხსნა ქართველი პროლეტარიატის და გლეხობის ძალაუფლების შენარჩუნების გარანტიის მიცემით, რადგან საჯარისო შენაერთების საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენა ერთგვარ დახმარებად წარმოჩნდა საქართველოში სოციალისტური საზოგადოების მშენებლობის გზაზე (დაუშვილი, 2008).
საკითხი რელევანტურად რჩება დღესაც, რადგან ისტორიული მოვლენების, თარიღების, აქტორების მნიშვნელობის, პროცესების გადააზრებაში ვხვდებით პოლიტიკური აქტორების და მათ მიერ შექმნილი ნარატივების ფუნდამენტურ როლს. შესაბამისად ისტორიული შემთხვევის ანალიზი გვიჩვენებს იმ მახასიათებლებს, რომელიც ქართველმა საზოგადოებამ გამოიჩინა ისტორიის გასაბჭოების პროცესში. კვლევის შედეგები მნიშვნელოვანია პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების, კონკრეტულად მეხსიერების პოლიტიკისა და იდენტობის პოლიტიკისთვის, ისევე როგორც ისტორიის ჰუმანიტარული დარგისთვის.
საკვანძო სიტყვები: საბჭოთა საქართველო, ეროვნული თვითცნობიერება, ეროვნული იდენტობა, საქართველოს ოკუპაცია.
Full Text:
PDFReferences
• Gellner, E. (1983). Nations and Nationalism. Oxford: Basil Blackwell.
• Sztompka, P. (2004). The Trauma of Social Change; A Case of Postcommunist Societies. In J. C. Sztompka, Cultural Trauma and Collective Identity (pp. 155-195). Berkeley • Los Angeles • London: UNIVERSITY OF CALIFORNIA PRESS.
• Toria, M. (2014). The Soviet occupation of Georgia in 1921 and the Russian–Georgian war of August 2008: Historical analogy as a memory project. 316-335. Routledge. Retrieved from https://www.researchgate.net/publication/332241087_The_Soviet_occupation_of_Georgia_in_1921_and_the_Russian-Georgian_war_of_August_2008_Historical_analogy_as_a_memory_projet
• დაუშვილი, ა. (2008). რუსეთის კოლონიური ბატონობის შემობ¬რუნება საქართველოში საბჭოურ-კომუნისტური ფორმით. In, რუსული კოლონიალიზმი საქართველოში (გვ. 373-449). თბილისი: უნივერსალი.
Refbacks
- There are currently no refbacks.