დამოუკიდებლობის გამოცხადების ასახვა მეხსიერების ადგილებში: თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მაგალითი
Abstract
საკვლევი თემა მოიცავს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების (1918 წლის 26 მაისი) და დამოუკიდებლობის აღდგენის (1991 წლის 9 აპრილი) ისტორიული მოვლენების რეპრეზენტაციას თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში. მუზეუმი განიხილება როგორც ინსტიტუციური სივრცე, სადაც კოლექტიური მეხსიერება ფორმირდება, კონსოლიდირდება და თაობებს შორის გადაიცემა.
კვლევაში განიხილება მუზეუმის საექსპოზიციო პოლიტიკა, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამები, ასევე ექსპონატების შერჩევისა და კურატორული ინტერპრეტაციის პრინციპები, რაც ქმნის ისტორიული ნარატივის კონტურებს და განსაზღვრავს მისი ლოკალიზაციის ფორმებს. კვლევაში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ადგილობრივი საზოგადოების ჩართულობას და მათი დამოკიდებულებების ანალიზს მუზეუმში წარმოდგენილი ისტორიული ნარატივის მიმართ.
კვლევის აქტუალობა განპირობებულია პოსტსაბჭოთა სივრცეში მიმდინარე დეკოლონიზაციისა და ისტორიული მეხსიერების რეკონსტრუქციის პროცესებით, რომლებიც მოითხოვენ ეროვნული იდენტობის ხელახალ გააზრებასა და ისტორიული ნარატივების გადაფასებას. საბჭოთა ეპოქაში ჩამოყალიბებული ისტორიოგრაფიული ჩარჩოების გადახედვა და მათგან დისტანცირება მრავალი პოსტკოლონიური საზოგადოების ცენტრალურ ამოცანად იქცა (Assmann, 2011; Todorova, 1997). ამ კონტექსტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება რეგიონულ მუზეუმებს, რომლებიც არა მხოლოდ ისტორიული ინფორმაციის შენახვასა და გავრცელებას, არამედ ლოკალური იდენტობის ფორმირებასაც ემსახურებიან. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის მაგალითზე კვლევა ნათლად აჩვენებს, როგორ ხდება ეროვნული ისტორიული ნარატივების ადაპტაცია ადგილობრივ კულტურულ კონტექსტში.
კვლევის სიახლე: პირველად ხორციელდება თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ინტერდისციპლინარული ანალიზი თანამედროვე მეხსიერების თეორიების გამოყენებით. არსებული ქართული კვლევები მუზეუმების თემატიკაზე უმეტესწილად ფოკუსირდებიან ისტორიული ნარატივის აღწერაზე ან საგანმანათლებლო ფუნქციებზე, მაშინ როცა ეს კვლევა აერთიანებს მუზეოლოგიურ, დისკურსულ, სემიოტიკურ და ეთნოგრაფიულ ანალიზს, რაც მუზეუმს წარმოაჩენს არა მხოლოდ როგორც საგანმანათლებლო სივრცეს, არამედ როგორც მეხსიერების პოლიტიკის აქტიურ მოქმედ პირად.
გარდა ამისა, კვლევა აგენერირებს ცოდნას იმაზე, თუ როგორ ხდება ეროვნული დამოუკიდებლობის ნარატივის ადაპტაცია ადგილობრივ სოციალურ-კულტურულ კონტექსტში და როგორ მონაწილეობს მუზეუმი ეროვნული იდენტობის კონსტრუირებაში რეგიონულ დონეზე. ამდენად, კვლევა ავსებს არსებულ ცოდნას პოსტკოლონიური მეხსიერების პრაქტიკებზე საქართველოს რეგიონებში და შესაძლებლობას იძლევა, რეგიონული მუზეუმები განვიხილოთ როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რგოლი ეროვნული მეხსიერების ფორმირებაში.
კვლევაში უნდა გაეცეს პასუხი სამი ძირითად კითხვას (პრობლემას):
1. როგორ ხდება დიდი ისტორიული ნარატივის, კერძოდ დამოუკიდებლობის გამოცხადების, ინტერპრეტაცია და ადაპტაცია ლოკალურ კონტექსტში?
2. რა როლს ასრულებს რეგიონული მუზეუმი ეროვნული იდენტობის ფორმირებაში?
3. როგორ ხდება ისტორიული მეხსიერების ინსტიტუციონალიზაცია და თაობათაშორისი ტრანსლაცია მუზეუმის მეშვეობით?
ამ კითხვებზე პასუხი შესაძლებელს ხდის დავინახოთ მუზეუმის როლი მეხსიერების პოლიტიკის კონტექსტში, განსაკუთრებით პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაციის პირობებში.
მეთოდოლოგიურად კვლევა ეფუძნება ინტერდისციპლინურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს თვისებრივი კვლევის მეთოდს (სიღრმისეული ინტერვიუები მუზეუმის თანამშრომლებთან და ვიზიტორებთან, ჩართული დაკვირვება); მუზეოლოგიურ ანალიზს (ექსპოზიციების სტრუქტურა, ექსპონატების შერჩევის კრიტერიუმები, კურატორული ტექსტები), სემიოტიკურ და ვიზუალურ ანალიზს (არტეფაქტების სიმბოლური მნიშვნელობა) და მათი განლაგება სივრცეში, დისკურს-ანალიზს (როგორც მეთოდი, რომელიც ამსხვილებს იმ ენობრივი და ვიზუალური ფორმულირებების ანალიზს, რომლებითაც მუზეუმი აღწერს და ასახავს ისტორიულ მოვლენებს). კვლევა ეფუძნება დაშვებას, რომ მუზეუმი არა მხოლოდ ისტორიის გადმოცემის ინსტიტუტია, არამედ აქტიური აქტორია მეხსიერების ფორმირებისა და სიმბოლური ძალაუფლების სტრუქტურაში.
დასკვნა. თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმს გააჩნია რესურსი და პოტენციალი წარმოადგენდეს მნიშვნელოვან „მეხსიერების ადგილს“, სადაც ხორციელდება ეროვნული ისტორიული ნარატივის ლოკალიზაცია და ადაპტაცია. მუზეუმი ასრულებს მედიატორის როლს ოფიციალურ ისტორიოგრაფიასა და ადგილობრივ მეხსიერებას შორის, ამყარებს ისტორიული უწყვეტობის განცდას და უზრუნველყოფს ეროვნული იდენტობის თაობათაშორის გადაცემას. ამავდროულად, მუზეუმი არის სივრცე, სადაც ცხადად იკვეთება მეხსიერების პოლიტიკის ელემენტები — რა აღინიშნება, რა რჩება უხილავად და როგორ ესადაგება ეს საერთო ეროვნულ დისკურსს.
კვლევის შედეგები შეიძლება გამოყენებულ იქნას რეგიონული მუზეუმების განვითარების სტრატეგიების შემუშავებისას და კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის დაგეგმვაში, რაც მიზნად ისახავს თემზე დაფუძნებული მეხსიერების გაძლიერებას და ეროვნული იდენტობის მრავალგანზომილებიანი გააზრების ხელშეწყობას.
საკვანძო სიტყვები: მეხსიერების ადგილები, კოლექტიური მეხსიერება, ეროვნული იდენტობა, დამოუკიდებლობის ნარატივი, პოსტკოლონიალური მუზეოლოგია, თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმი.
Full Text:
PDFReferences
Anderson, B. (2006). Imagined communities: Reflections on the origin and spread of nationalism (Revised ed.). Verso.
Assmann, J. (2011). Cultural memory and early civilization: Writing, remembrance, and political imagination. Cambridge University Press.
Assmann, A. (2008). Transformations between history and memory. Social Research, 75(1), 49–72.
Barthes, R. (1977). Image, music, text (S. Heath, Trans.). Hill and Wang.
Bennett, T. (1995). The birth of the museum: History, theory, politics. Routledge.
Clifford, J. (1997). Routes: Travel and translation in the late twentieth century. Harvard University Press.
Fairclough, N. (1995). Critical discourse analysis: The critical study of language. Longman.
Halbwachs, M. (1992). On collective memory (L. A. Coser, Ed. & Trans.). University of Chicago Press.
Macdonald, S. (2013). Memorylands: Heritage and identity in Europe today. Routledge.
Nora, P. (1989). Between memory and history: Les lieux de mémoire. Representations, (26), 7–24. https://doi.org/10.2307/2928520
Said, E. W. (1993). Culture and imperialism. Vintage Books.
Todorova, M. (1997). Imagining the Balkans. Oxford University Press.
Refbacks
- There are currently no refbacks.